English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლევან საბაური
კორონავირუსის COVID-19 გავლენა ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტზე

2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) გავრცელება პანდემიად აღიარა. პანდემიის გამოცხადების საფუძველი მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების მასშტაბის  სიმძიმე და ასევე ზოგიერთი ქვეყნის უმოქმედობა გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყნებს მყისიერი და აგრესიული ქმედებისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის განხორციელებულმა ღონისძიებებმა თავის მხრივ გამოიწვია მრავალი ბიზნესის ფუნქციონირების შეზღუდვა და  გაურკვევლობის მნიშვნელოვანი ზრდა ეკონომიკაში. აღნიშნულმა ასევე გავლენა მოახდინა აქტივების ფასების ცვლილებაზე,  ვალუტის გაცვლითი კურსის ნახტომისებურ ზრდაზე და სესხის საპროცენტო განაკვეთზე. ამასთან, 2020 წლის მარტში, OPEC-ის ქვეყნებისა და რუსეთის მიერ ნავთობის წარმოების დონის შემცირების შესახებ შეთანხმებების არარსებობის გამო, მოხდა ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი       შემცირება.
             საქართველოს ეკონომიკაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ, მნიშვნელოვნად დასუსტდა ქართული ლარი  უცხოურ ვალუტასთან შედარებით.
ამ და სხვა ეკონომიკურმა რყევებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საწარმოთა 2020 წლის  ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებასა და აუდიტზეც.

სტატიაში განხილულია პანდემიის გავლენა როგორც 2019 წლის, ასევე 2020 წლის  ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტზე. დეტალურადაა აღწერილი ის მოვლენები, რაც გათვალისწინებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, მოცემულია პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე, ძირითადად, საქმე ეხება საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ მომხდარ მოვლენებსა და საწარმოს საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების შესაძლებლობას.

აუდიტის ჩატარების დროს აუცილებელია ზემოაღნიშნული შემთხვევებისათვის გამოვიყენოთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის 560 „შემდგომი მოვლენები“ მოთხოვნები, რაზეც ნაშრომში დეტალურადაა საუბარი. მოცემულია, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, აუდიტორის მოსაზრების პრაქტიკული ნიმუშები, რაც გამყარებულია, შესაბამისი საფუძვლიანი  აზრით.

ამრიგად, 2020 წლის კორონავირუსული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისების შედეგად გამოწვეული დამატებითი ფაქტორების გასათვალისწინებლად, როგორც საწარმოს ხელმძღვანელობას, ასევე აუდიტორებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი დრო და რესურსი ფინანსურ ანგარიშგებაში, კორექტირებისა და ინფორმაციის გამჟღავნების გავლენის შესაფასებლად და დასაბუთებული აუდიტორული მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად, რაც შესაძლებელია გახდეს 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ,  გარიგების ვადის გაგრძელების საფუძველი.

საკვანძო სიტყვები: აუდიტორის აზრი, ფინანსური ანგარიშგება, პრობლემების გადაჭრა, ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაცია, შემდგომი მოვლენები.

JEL Codes:M41, M42